ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ აწარმოებს აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებს

19 სექტემბერი, 2023 • 1136
ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ აწარმოებს აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებს

“სომხეთი არ მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არ ჰყავს არმია. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე დაუფიქრებელ მოქმედებებს”,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მიზანია სომხეთი ჩაითრიოს სამხედრო ოპერაციაში.

ამასთან, როგორც ის ამბობს, უცნაურია ის ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად ამცნო რუსეთის ფედერაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს აზერბაიჯანის ვერსიაა, თუმცა ჩვენი რუსი პარტნიორებისგან ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია რაიმე ინფორმაცია.

“ვფიქრობთ, პირველ რიგში, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა მიიღონ ზომები, და ასევე, ველით რომ ზომებს მიიღებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოც”.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც ბაქო ანტი-ტერორისტულ ზომებს უწოდებს, უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სტეპანაკერტში [დე ფაქტო დედაქალაქი] აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს, თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა და დააზიანა. ამ ეტაპზე ყარაბაღში მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილებზე, მათ შორის, ბავშვებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი