ბახმუტის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარის თავდაცვითი ხაზის გარღვევა მოახერხეს და წინ მიიწევენ, აცხადებს აღმოსავლეთის საჯარისო დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ილია ევლაში.

„გავარღვიეთ მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი და განვაგრძობთ წინსვლას“, – ციტირებს ევლაშს გამოცემა „ფოკუსი“.

მისი თქმით, განთავისუფლებულია ანდრიივკა და კლეშეევკა, რაც უკრაინას შემდგომი წინსვლის პერსპექტივას აძლევს. ევლაშის თქმითვე, უკრაინელთა გზაზე აღარ დარჩა მსხვილი დასახლებული პუნქტები, რის გამოც აღარ იქნება საქალაქო ბრძოლების წარმოების აუცილებლობა.

უკრაინული მხარის ვარაუდითვე, სერიოზული წარმატება ფრონტის ამ ნაწილზე არაა გამორიცხული, თუმცა, როგორც ევლაში ამბობს, ბახმუტს მოსკოვისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ხანგრძლივი ბრძოლებიცაა შესაძლებული.

ბრძოლები ბახმუტისთვის წინა წლის შემოდგომაზე დაიწყო. რუსული მხარის ძირითად ძალას ქალაქში ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერი“ წარმოადგენდა. ქალაქი რუსულმა ძალებმა 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს დაიკავეს დიდი მსხვერპლის ფასად.