ახალი ამბები

“ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა…” – პრეზიდენტი ფარცხალაძის საქმეს ეხმაურება

18 სექტემბერი, 2023 •
“ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა…” – პრეზიდენტი ფარცხალაძის საქმეს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო კავშირებს რუსეთის სპეცსამსახურებთან და სამართალდამცველი უწყებებისგან დეტალური გამოძიება მოითხოვა.

„ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძე], მე მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა, ბატონო კახა! ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას უნდა იძიებდეს დღეს. პასუხისმგებლობა მათზეა. მე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მანამდე თქვა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას.

„ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს, პირველია, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და პატივს არ სცემს კანონებს“, – განაცხადა კალაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი