ახალი ამბები

დევნილებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს

4 აგვისტო, 2010 • 993
დევნილებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს

დევნილების პროტესტი
დევნილების პროტესტი

დღეს თბილისის მერიის შენობასთან გამართულ აქციაზე დევნილებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: დევნილების მიერ ამჟამად დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემა და თბილისის მერიის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების დევნილებისათვის დათმობა.

 როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თბილისში 90 ათასამდე დევნილია და მათ უმეტესობას საცხოვრებელი ფართი დაკანონებული არ აქვს.  საქართველოს ხელისუფლება კი სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებიდან მათ გამოსახლებას ეტაპობრივად გეგმავს.

 დევნილების აქციას ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.  როგორც კონსერვატული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, ხელისუფლებას ეშინია დევნილთა ერთდროული გამოსახლების, რასაც შეიძლება  მასობრივი პროტესტი და არეულობა მოყვეს. მისი თქმით, ხელისუფლება დევნილთა გამოსახლებას ამიტომ გეგმავს ეტაპობრივად.  

 ქეთევან ეშბა აფხაზი ლტოლვილია გულრიფშის რაიონიდან. 18 წლის მანძილზე ეშბას ოჯახის ერთადერთი დახმარება ხელისუფლების მხრიდან ლტოლვილებისთვის 28–ლარიანი პენსიაა.  ამ ხნის მანძილზე, როგორც ეშბა ამბობს, მიტოვებულ შენობებსა და სარდაფებში ცხოვრობს. „ეხლა ერთ-ერთ მიტოვებულ ცეხში ვცხოვრობ, 12 კვადრატული მეტრის ოთახში სამ შვილთან ერთად. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაგვაკმაყოფილებს საცხოვრებლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტს ვეღარ მოვითმენ და აფხაზეთში დავბურნები ნათესავებთან და აფხაზ ხალხს მოვუყვები, როგორ უგულოდ მომექცნენ საქართველოში“, –ამბობს ეშბა. 

 ვარკეთილში, 204 ბაგა-ბაღის შენობაში, მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს მერიას განცხადებით, რომ შენობიდან არ გაესახლებინათ. გაგრიდან დევნილი თამარ ჯობავა ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათთან თითქმის კვირაში ორჯერ მიდის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელი და დევნილებს გამოსახლებით ემუქრება. ,,გასულ პარასკევს შაკო გელბაქიანი იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და გაგვაფრთხილა, დროზე დაცალეთ ბაღის შენობაო. 20 აგგვისტომდე მოგვცა ვადა”, – ამბობს თამარ ჯობავა.

 თამარაშვილის ქუჩაზე დევნილთა კიდევ ერთი კომპაქტური დასახლებაა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, რომ უნდა მოხდეს მათი შენობიდან გამოსახლება და ენგურჰესთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში ჩასახლება. დევნილი ირმა ვორალიშვილი ამბობს, რომ იმ შენობაში, სადაც მათი ჩასახლება იგეგმება, არავითარი პირობები არაა -არც დენია და არც წყალგაყვანილობა.

 დღევანდელი აქცია საპროტესტო ტალღის პირველი ეტაპი იყო. მომდევნო აქცია პარასკევს, 2 საათზე, იგეგმება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. დევნილები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი