ახალი ამბები

ხელისუფლება კვლავ ესხმის თავს გელა მთივლიშვილს

14 სექტემბერი, 2023 • 2389
ხელისუფლება კვლავ ესხმის თავს გელა მთივლიშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც შეეხება OC მედიის საკითხს და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს.

ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს, 14 სექტემბერს, მორიგ ჯერზე თავს დაესხნენ „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, რომელიც შოვში მომხდარ ტრაგედიას და ხელისუფლების ქმედებებს აშუქებდა.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში მთივლიშვილს უწოდა „სამარცხვინო კაცი“. მისი მტკიცებით, ჟურნალისტი ტყუილებს ავრცელებს:

კობახიძემდე, მთივლიშვილის მუშაობა „ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ჟურნალისტიკის“ მაგალითად დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გააკრიტიკა.

„კრიზისულ სიტუაციაში ვნახეთ, როგორ თესავდა ჟურნალისტი პანიკას, ტყუილით. ქარტია კი, რომლის ამოცანაც უნდა იყოს სტანდარტის და ეთიკის სადარაჯოზე დგომა, ჩუმადაა. მთის ამბების ჟურნალისტი ამხილეს ტყუილში, იგი ავრცელებდა ტყუილს, თესდა პანიკას. ქარტია უნდა იყოს ასეთი შემთხვევების მხილებით დაკავებული. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია აცდენილია თავის ამოცანებს“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

მმართველი გუნდის თუ საჯარო მოხელეების მხრიდან გელა მთივლიშვილზე პირველი თავდასხმა არ ხორციელდება. შოვის ტრაგედიის გაშუქებისას მას ერთ-ერთი საჯარო მოხელე დაემუქრა „წყალში გადაგდებით“. მას და „მთის ამბებს“ აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც.

გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა მაინც აგრძელებს სტიქიის ზონიდან მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი