ახალი ამბები

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე დააკავეს

4 აგვისტო, 2010 • • 2493
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ”ელიტ–ელექტრონიქსის”  ყოფილი დირექტორი დააკავა. სასამართლოს ქოქოლაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ საკითხი ჯერ არ განუხილავს.

უცნობია, როდის და სად მოხდა ბიზნესმენის დაკავება. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამ დეტალებზე საუბარი არ არის. სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული  ინფორმაციის მიხედვით, ქოქოლაძეს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი:   ”(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას” .

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

„ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილმა მმართველმა და მფლობელმა, ანზორ ქოქოლაძემ  ”თიბისი ბანკის” გენერალურ დირექტორს ოფიციალურ წერილი გასულ კვირას გაუგზავნა და კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვა შესთავაზა.

საუბარია „ელიტ-ელექრონიქსის“ აქციების 55% -ზე, რომლებიც  ტიბისი ბანკმა 2010 წლის მაისში  116 ათას ლარად შეიძინა. მანამდე კი, 2008 წელს, ბანკმა კომპანია ”ელიტ–ელექტრონიქსი” 80 მილიონ ლარად შეაფასა.

”თიბისი ბანკმა” ”ელიტ-ელექტრონიქსის” გადახდისუუნარობაზე აღძრა საქმე და მოიგო კიდეც.  23 თებერვალს მან არსებული მენეჯმენტი დაითხოვა და ახალი სამეურვეო საბჭო დააკომპლექტა.

ქოქოლაძე აცხადებდა, რომ ეს იყო ”არაკეთილსინდისიერი” ქცევა ბანკის მხრიდან, რადგან მათ არასოდეს დაურღვევიათ საკრედიტო ხელშეკრულება. მისი აზრით, მოსამართლე მიუკერძოებელი იყო.

გასულ კვირას ბიზნესმენის შეთავაზებას თიბისი ბანკი არ გამოხმაურებია.

ქოქოლაძის დაკავების შესახებ, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია დაკავებულის ადვოკატს და კომპანია ”ტექნო ბუმის” წარმომადგენლობას. ”ტექნო ბუმი” ქოქოლაძემ ”ელიტ–ელექტრონიქსის” შემდეგ დააფუძნა.

ამავე თემაზე

ქოქოლაძე ”ელიტ- ელექტონიქსის” დაბრუნებას ცდილობს

თიბისი ბანკი ”ელიტ-ელექტრონიქსის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

ელიტ-ელექტრონიქსის დამფუძნებელი ახალ კომპანიებს აყალიბებს

“თიბისი” “ელიტ ელექტრონიქსის” წინააღმდეგ – ქოქოლაძის ვერსია

ელიტ-ელექტრონიქსის გუნდი დახმარებას საზოგადოებას თხოვს

დავა ”ელიტ-ელექტრონიქსის” ირგვლივ სასამართლომდე მივიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი