საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც დედას ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ მის საკუთრებაში არსებულ სახლებს არ გადაუფორმებდა.

უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით ა.ყ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ ,— აცხადებენ უწყებაში.