ახალი ამბები

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირია დაკავებული, მათ შორის 36 რეალიზატორი

12 სექტემბერი, 2023 • 1479
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირია დაკავებული, მათ შორის 36 რეალიზატორი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, მათ შორის 36 ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაშია ბრალდებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.

შსს-ის თქმით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

უწყების განცხადებით, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა:

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები.

დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ — აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი