უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ოკუპირებულ ყირიმთან, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავთობ და გაზმომპოვებელი ჭაბურღილების, რომლებიც აგრეთვე ცნობილია „ბოიკოს კოშკურების“ სახელით. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ დღეს, უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში განაცხადეს.
„ბოიკოს კოშკურები“ რუსეთს 2015 წლიდან ჰქონდა ოკუპირებული, სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ კი ობიექტს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებდა – იქ განთავსებული იყო ვერტმფრენების დასაჯდომი მოედანი და რადიო-ლოკაციური სადგურები.
„უნიკალური ოპერაცია „ბოიკოს კოშკურებზე“ კონტროლის დამყარებისთვის ჩატარდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფის ძალებით. კერძოდ, [უკრაინის] კონტროლის ქვეშ მოექცა საბურღი პლატფორმები „პიოტრ გოდოვალეცი“, „უკრაინა“, „ტავრიდა“ და „სივაში“.
ოპერაციის ჩატარებისას სპეცრაზმელებმა მოახერხეს ხელთ ჩაეგდოთ ღირებული ნადავლი – არამართვადი საავიაციო რაკეტების მარაგი და რადიო-ლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც შავ ზღვაში ხომალდების გადაადგილების დაფიქსირება შეუძლია.
ოპერაციის ერთ-ერთი ფაზის დროს ბრძოლა გაიმართა კატერებზე მყოფ სპეცრაზმელებსა და რუსულ გამანადგურებელ სუ-30-ს შორის. შედეგად, რუსულმა გამანადგურებელმა მარცხი განიცადა და უკან დახევა მოუწია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
