ახალი ამბები

ჩამოიშალა ნალესი, საფრთხეს არ წარმოადგენს — მერია მეტეხის გვირაბზე

11 სექტემბერი, 2023 • 2375
ჩამოიშალა ნალესი, საფრთხეს არ წარმოადგენს — მერია მეტეხის გვირაბზე

თბილისის მერია მეტეხის გვირაბში “კედლის ჩამოშლასთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების თქმით, ჩამოშლილია ნალესი, რაც “არანაირ საფრთხეს” არ წარმოადგენს.

მეტეხის გვირაბში გადაღებული ფოტო, თანდართულ ინფორმაციასთან ერთად, “ფეისბუკის” გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა.

“მეტეხის გვირაბში კედელი ჩამოიშალა, იმედია მხოლოდ გარე ფენაა და საშიში არაფერია”, — დაწერა გვერდმა და მერიას მოუწოდა, გააკეთოს ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით.

თბილისის მერია “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობით კომენტარში დასძენს:

“გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მეტეხის გვირაბში არსებული კედელი არ ჩამოშლილა. ჩამოიშალა კედლის ნალესი, რაც არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. გვირაბი უკვე გაწმენდილია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი