ახალი ამბები

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

9 სექტემბერი, 2023 • 2142
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას ქვეყნის მასშტაბით 820-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 672 შეადგინა.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში გუშინ ღამით, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისტორიულ ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრის მოშორებით, ატლასის მთებში იყო, სადაც რამდენიმე სოფელი მდებარეობს, რომელიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მაშველები ფიქრობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობა სწორედ ამ სოფლებში დახვდებათ, თუმცა იქამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

მიწისძვრამ ნგრევა ქვეყნის თითქმის მესამედში გამოიწვია, შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. BBC-ს ცნობით, მაროკოში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები ისეთი ძლიერი იყო, რყევა კანარის კუნძულებსა და ალჟირშიც იგრძნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი