აშშ პირველად გადასცემს უკრაინას აქტივებს, რომელთა კონფისკაციაც სანქცირებული რუსი ოლიგარქებისგან მოხდა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასტან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„პირველად გადავცემთ უკრაინას აქტივებს, რომელთა კონფისკაციაც მოხდა სანქცირებული რუსი ოლიგარქებისგან. ახლა ეს აქტივები გამოიყენება უკრაინელი ვეტერანების მხარდასაჭერას. მათ, ვინც პუტინის აგრესიულ ომს შეუწყო ხელი, ამის ფასიც უნდა გადაიხადონ“, – ციტირებს ბლინკენს „უკრაინსკა პრავდა“.
პირველი ტრანში შეადგენს 5,4 მილიონ დოლარს. ეს ნაწილი იქნება იმ ერთმილიარდიანი დახმარებისა, რომლის შესახებაც ბლინკენმა ამავე პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
მილიარდიანი დახმარება, თავის მხრივ, ითვალისწინებს 175 მილიონ დოლარს ტყვია-წამლის საყიდლად, 100 მილიონ დოლარს გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების დასაფარად, 90,5 მილიონ დოლარს განაღმვისთვის, 300 მილიონ დოლარს წესრიგის აღდგენისთვის გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში, 206 მილიონს – ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 203 მილიონ დოლარს – ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის.








