ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთი სამხრეთ კავკასიის განუყოფელი ნაწილია” – პესკოვი ფაშინიანს პასუხობს

6 სექტემბერი, 2023 • 3312
“რუსეთი სამხრეთ კავკასიის განუყოფელი ნაწილია” – პესკოვი ფაშინიანს პასუხობს

“რუსეთი რეგიონის [სამხრეთ კავკასიის] აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ის ვერსად შეძლებს გასვლას. სომხეთიდან რუსეთი ვერ გავა. რუსეთი უსაფრთხოების გარანტის როლის შესრულებას აგრძელებს”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სომხეთის პრემიერის საპასუხოდ.

ამასთან, პესკოვმა ყველას მოუწოდა, არ დაივიწყონ, რომ თავად სომხეთთან შედარებით, რუსეთში მეტი სომეხი ცხოვრობს, რომლებიც რუსეთის პატრიოტები არიაან და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვთ.

უკანასკნელ დღეებში კრემლში ვნებათაღელვა მოჰყვა სომხეთის პრემიერ, ნიკოლ ფაშინიანის ინტერვიუს იტალიურ გამოცემასთან.

“ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, ყარაბაღში, ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში სომხეთის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა:

“რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება ლაჩინის კორიდორში არასტაბილური სიტუაციის გამო, არასწორია. ლაჩინის კორიდორში ამჟამინდელი სიტუაცია სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარების შედეგია. ეს დაფიქსირებული იყო 2023 წის მაისში და 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე “, – განაცხადა ზახაროვამ.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი , რომელსაც 2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი