ახალი ამბები

„სანქციები მოხსენით, დროზე!“ – კადიროვი აშშ-სგან დედისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

1 სექტემბერი, 2023 •
„სანქციები მოხსენით, დროზე!“ – კადიროვი აშშ-სგან დედისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკმაყოფილოა, რომ აშშ-მ დედამისს სანქციები დაუწესა და იფიცება, რომ „ამას ასე არ დატოვებს“ და „ყველაფერზე წავა“.

თერთმეტწუთიან ვიდეომიმართვაში კადიროვი ირწმუნება, რომ დედამისი მხოლოდ და მხოლოდ შეჭირვებულებს ეხმარება და ამბობს, რომ დედამისის საქნცირებით აშშ დანაშაულს ჩადის.

„თუ დედაჩემს სანქციებს არ მოუხსნით, ღმერთს ვფიცავ, ამას ასე არ დავტოვებ. ჩუმად ვიყავი, როცა ცოლს, შვილებს [დაუწესეთ სანქციები]. მაგრამ ახლა გეუბნებით, თუ არ მოხსნით სანქციებს ან არ დაამტკიცებთ, რატომ დააწესეთ, გარწმუნებთ, [ჩემი პასუხი] ცოტად არ მოგეჩვენებათ“, – აცხადებს კადიროვი.

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, კადიროვი ამერიკელ დიპლომატებს საპასუხო სანქციებითაც დაემუქრა – მათ შორის იმით, რომ მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

„სანქციებს დავუწესებთ და დავაკავებთ. არ ვხუმრობ, მოგვბეზრდით. არ გავიმეორებ, მალე მიპასუხეთ, სანქციები მოხსენით დროზე! დედაჩემს რომ სანქციები დაუწესეთ, არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ!“, – იმუქრება იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი