ახალი ამბები

„პოლიტიკო“: უკრაინა სექტემბერში „აბრამსების“ პირველ პარტიას მიიღებს

1 სექტემბერი, 2023 • 1094
„პოლიტიკო“: უკრაინა სექტემბერში „აბრამსების“ პირველ პარტიას მიიღებს

უკრაინა სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღებს ამერიკული ტანკების, „აბრამსების“ პირველ პარტიას, იტყობინება „პოლიტიკო“ თავის ორ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინა ჯერ ათ ტანკს მიიღებს. ამჟამად ეს ტანკები გერმანიაშია – უკრაინაში მათ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის დასრულების შემდეგ გააგზავნიან.

გარდა ამისა, უკრაინას „აბრამსის“ ტიპის კიდევ 21 ტანკი აქვს მისაღები. არსებული ცნობებით, დაპირებული ტექნიკა კიევმა დასავლელი მოკავშირეებისგან შემოდგომის ბოლომდე უნდა მიიღოს.

„აბრამსები“ არაა ერთადერთი დასავლური ტანკი, რომელიც უკრაინას გადაეცემა. კიევი უკვე აქტიურად იყენებს „ლეოპარდებს“ – გერმანული წარმოების ტანკებს.

„აბრამსების“ მართვისთვის უკრაინელი სამხედროების წვრთნა გერმანიაში მაისში დაიწყო. „პოლიტიკოს“ ცნობით, ორასმა უკრაინელმა სამხედრომ წვრთნები უკვე დაასრულა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ თანამედროვე დასავლური შეიარაღება აუცილებელია კონტრიერიშის წარმატებისთვის. როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ამერიკელ ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ ტანკების გადაცემა უკრაინულ ძალებს დაეხმარება რუსული კარგად გამაგრებული პოზიციების გარღვევაში – ბოლო დროს უკრაინულ ძალებს ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებები აქვთ.

„M1 Abrams“ აშშ-ის არმიის ძირითადი ტანკია, რომლის სერიული გამოშვებაც დაიწყო 1980 წელს. აშშ-ის გარდა იგი სხვა ქვეყნების არსენალშიც შედის. ამ ჯავშანმანქანას წუთში 10-12 ჭურვის სროლა შეუძლია და კარგადაა ბრონირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი