დღეს, 30 აგვისტოს თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა, რომელიც, წელს პირველად, შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება.
“დღევანდელი თარიღის აღნიშვნა ერთგვარი სიმბოლო და მნიშვნელოვანი გზავნილია სრულიად საქართველოს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა ოჯახებისთვის, იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენ მუდამ გვემახსოვრება ისინი და არასდროს დავივიწყებთ მათ სამშობლოს წინაშე გაწეულ ღვაწლს.
კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახებს და აღვუთქვამთ, რომ აუცილებლად მაქსიმალურ ძალისხმევას გავწევთ მათთვის ძვირფასი ადამიანების მოძიებისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მსურს მადლობა გადავუხადო სხვადასხვა რეგიონში დღევანდელი ღონისძიებების ყველა მონაწილეს, ოჯახებს და მის ორგანიზებაში გაწეული თანადგომისთვის ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
