ახალი ამბები

მთავრობა მასწავლებლის ეროვნულ დღეს აწესებს

30 აგვისტო, 2023 • 1480
მთავრობა მასწავლებლის ეროვნულ დღეს აწესებს

საქართველოს განათლების სამინისტრო 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღედ აცხადებს. უწყების ცნობით, ამ დღეს წლის საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენენ და დააჯილდოებენ.

27 ოქტომბერი ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. სამინისტროს თქმით, სწორედ ამიტომ აირჩიეს ხსენებული თარიღი მასწავლებლის დღის დასაწესებლად.

“აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით”, — აღნიშნავს უწყება.

მისივე ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, “განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად”, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში.

“ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, ის “აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი