ახალი ამბები

კულება ჰყვება, როგორ აიღო რობოტინო 31-მა ჯარისკაცმა – „ბატალიონის სამუშაო შეასრულეს“

30 აგვისტო, 2023 • 2359
კულება ჰყვება, როგორ აიღო რობოტინო 31-მა ჯარისკაცმა – „ბატალიონის სამუშაო შეასრულეს“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ზაპოროჟიის ოლქში დასახლებული პუნქტის, რობოტინოს გათავისუფლება 31 ჯარისკაცისგან შემდგარმა დანაყოფმა მოახერხა მაშინ, როცა ამგვარ ოპერაციებს ოთხასამდე სამხედრო სჭირდება.

როგორც უკრაინელი დიპლომატი ამბობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტის დაკავებას მსხვერპლი არ მოჰყოლია – დაჭრილია მხოლოდ შვიდი ჯარისკაცი.

„ზუსტად ახლა, კონტრიერიშის მსვლელობისას, უკრაინული ძალები განგრძობენ წინსვლას. ეს ძალიან რთულია. ფორტიფიკაციებისა და დანაღმული ველების რაოდენობა უპრეცედენტოა. ჰაერში დომინირებენ რუსული ვერტმფრენები, თვითმფრინავები და დრონები.

რამდენიმე დღის წინ გავარღვიეთ რუსული თავდაცვა ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე და გავათავისუფლეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რობოტინო“, – ციტირებს კულებას „უკრაინსკა პრავდა“.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი უკრაინული ქვეყდანაყოფი თვეები აწარმოებდა შეტევებს, მაგრამ გამოფიტვისა და დანაკარგების გამო შეჩერება მოუწია, რის შემდეგაც „რადიკალური გადაწყვეტილებები“ იქნა მიღებული – შეიცვალა ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა. ახალმა ხელმძღვანელმა უფროსობას სთხოვა, შეეგროვებინა მოტივირებული მებრძოლები – სულ ქვედანაყოფი დაკომპლექტდა 31 ჯარისკაცით.

„თვრამეტი საათის განმავლობაში მათ, პირდაპირი მნიშვნელობით, მუცელზე ხოხვით გაიარეს კილომეტრობით დანაღმული ველები, სადაც თითო კვადრატულ მეტრზე რუსებმა ექვს-ექვსი ნაღმი ჩადეს.

საბოლოოდ, დანაყოფმა მიაღწია ხეების მწკრივს, რომელიც ფერმერების მეურნეობებს ყოფს. რუკაზე შეუმჩნეველ ამ ტერიტორიებზე ხდება ხოლმე ომის უდიდესი ტრაგედიები და გმირობები. ჩვენმა დანაყოფმა ამ მონაკვეთზე რუსებს უკან დაახევინა და დაიკავა პოზიცია დამატებითი ძალების მოსვლამდე.

შემდგომ, ამ ჯგუფმა, 35-40 კილოგრამიანი ზურჩანთებით, დანაღმული ველების კიდევ ათი კილომეტრი დაძლია. სულ ცოტა დაისვენეს და პირდაპირვე გამაგრებული პოზიციების შტურმზე წავიდნენ, იქიდანაც უკან დაახევინეს მტერს და გაძლეს ძირითადი ძალების მისვლამდე.

ორმოცი დღის განმავლობაში ამ ქვედანაყოფმა ჩაატარა ექვსი შტურმი. 31 ადამიანის ჯგუფმა შეასრულა 400-კაციანი ბატალიონის სამუშაო. დანაკარგები – შვიდი დაჭრილი, აქედან მხოლოდ ერთია მძიმედ დაჭრილი.

ფაქტობრივად, ამ ჯგუფის მუშაობამ შესაძლებელი გახდა რობოტინოზე იერიში და კვირებით შტურმის შემდეგ მისი გათავისუფლება. ფლანგებზე პოზიციების შემაგრების შემდეგ გვეხსნება გზა ტოკმაკზე და საბოლოო ჯამში, მელიტოპოლსა და ყირიმის საზღვარზე“, – თქვა კულებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი