ახალი ამბები

3 საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე 2015 წლის 13 ივნისს – კალაძე

30 აგვისტო, 2023 • 1106
3 საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე 2015 წლის 13 ივნისს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხელ 3 საათის განმავლობაში მოსულმა ნალექმა 2-ჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისის 6-საათიანი წვიმის ოდენობას.

ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, კალაძის თქმით, ქუჩებზე, სადაც ბოლო წლებში რეაბილიტაცია ჩატარდა, პირველ რიგში სწორედ სანიაღვრეები მოეწყო, თუმცა რჩება პრობლემური ადგილები.

მისი თქმით, წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს ხელს უშლიდა წყლის ჩადინებას.

„წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია და სხვადასხვა უბანში შექმნა გარკვეული პრობლემები… ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც შეიქმნა პრობლემები.

ბევრი განცხადება მოვისმინეთ, რომ თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ზოგადად მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველები ჩვენ ვამბობთ. შემთხვევითი არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოვაწესრიგოთ: საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება იყო დროული და სწრაფი. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კალაძის თქმით, 29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა შემდეგი პრობლემები გამოიწვია: დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც დააზიანა ელექტროსადენები, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც, მისი თქმით, მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები.

კალაძის თქმით, ასევე მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებზე, სადაც უკვე გაწმენდილია გზა და გადაადგილება ჩვეულებრივად შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი