ახალი ამბები

დროებით შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებზე საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები – ევროოპტიმისტები

29 აგვისტო, 2023 •
დროებით შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებზე საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები – ევროოპტიმისტები

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ინიციატივით, პარლამენტში რეგისტრირდება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დროებით, 2024 წლის ბოლომდე შეჩერდება რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა.

„ქართული კანონმდებლობა, უცხოეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას ანიჭებს 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის, ან არანაკლებ ამავე ოდენობის თანხის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. ამავდროულად, ბინადრობის ნებართვის მინიჭება ხდება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზითაც. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ გაიცემა ხუთი წლის ვადით, ხოლო მოკლევადიანი – ერთი წლის ვადით. ორივე სახის ბინადრობის ნებართვა გულისხმობს საქართველოში მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლებას, განსხვავებით უვადო ბინადრობისა და მუდმივი ცხოვრების ნებართვებისაგან.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვის მინიჭებიდან 5 წლის შემდგომ, კანონის თანახმად ის მიიღებს უვადო ბინადრობის ნებართვას, თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო აღნიშნული ქონების მეპატრონე. უვადო ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მისი ოჯახის წევრებიც“, – აცხადებენ „ევროოპტიმისტები“.

„ევროოპტიმისტების“ განცხადებით, საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბოლო პერიოდში მასიურად შეინიშნება საქართველოს მოქალაქეთა გადინება ქვეყნიდან, ხოლო ამის საპასუხოდ, ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ.

„2022 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შეიძინეს 10 000-მდე ბინა, რაც საქართველოში მათი ხანგრძლივი ვადით დამკვიდრების მაჩვენებელია. ისინი აფუძნებენ საწარმოებს და გარდა ბინებისა, იძენენ სხვა სახის უძრავ ქონებასაც, რაც შემდგომში ხდება ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებისათვის გართულებულია ბინის როგორც ყიდვა, ასევე მისი ქირავნობაც“, – აცხადებენ „ევროოპტიმისტები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი