ახალი ამბები

საგარეო ლარსის გამშვებ პუნქთან მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე განცხადებას ავრცელებს

25 აგვისტო, 2023 • 2963
საგარეო ლარსის გამშვებ პუნქთან მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან.

საგარეოს თქმით, ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით:

„უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს. შეხვედრაზე ოლექსანდრ შულჰამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა. შეხვედრის დასასრულს მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ დაელოდება კიევიდან შესაბამის მითითებებს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 24 აგვისტოს „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში ერთი კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფება და ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს სცადეს, თუმცა „სხვა მიზეზების“ საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. „ნოვაია გაზეტას“ თქმით, ამ დროის განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა მათი გატაცება სცადეს.

დამოუკიდებელ რუსულ მედიასთან ერთ-ერთი მოქალაქის დედა აცხადებს, რომ 22 აგვისტოს საღამოს რუსეთის უსაფრთხოების ძალები ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიდნენ და მისი შვილის გატაცება სცადეს, რისი საშუალებაც მათ უკრაინის სხვა მოქალაქეებმა არ მისცეს. ქალის თქმით, სიტუაციაში ჩაერივნენ ქართველი მესაზღვრეებიც და უკრაინის მოქალაქეებს გამშვებ პუნქტთან სიახლოვეს ყოფნა ურჩიეს, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

ვრცლად წაიკითხეთ: ნოვაია გაზეტა: უკრაინის 6 მოქალაქეს უკვე ერთ კვირაა, ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი