ახალი ამბები

საქსტატის წინასწარი მონაცემი: იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

21 აგვისტო, 2023 • 1201
საქსტატის წინასწარი მონაცემი: იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 3.58 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9%-ით), ხოლო იმპორტი 8.52 მილიარდ აშშ დოლარს (გაიზარდა 19 პროცენტით). სტატისიტკის სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივლისში, 4.94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • სომხეთი — 495.0 მლნ. აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 485.3 მლნ. აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 416.2 მლნ. აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი — 1.42 მილიარდი აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 1.09 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ — 975.3 მლნ. აშშ დოლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი — 1.69 მილიარდი აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 1.5 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ — 1.02 მილიარდი აშშ დოლარი.

უწყების ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.18 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ აშშ დოლარით (4.2%).

ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.62 მილიარდი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).

მასალების გადაბეჭდვის წესი