ახალი ამბები

რუსული კოსმოსური აპარატი Luna-25 მთვარეს შეასკდა — მისია ჩაიშალა

20 აგვისტო, 2023 • 4050
რუსული კოსმოსური აპარატი Luna-25 მთვარეს შეასკდა — მისია ჩაიშალა

რუსულმა კოსმოსურმა აპარატმა Luna-25 კონტროლი დაკარგა და მთვარეს შეასკდა. ხომალდის განადგურებას თავად “როსკოსმოსი” ადასტურებს.

ეს იყო რუსეთის პირველი მისია მთვარეზე უკანასკნელი 47 წლის განმავლობაში. გეგმის თანახმად, კოსმოსური ხომალდი, ისტორიაში პირველად, მთვარის სამხრეთ პოლუსზე უნდა დამჯდარიყო.

უფრო კონკრეტულად, Luna-25-ს მთვარის ის ნაწილი უნდა შეესწავლა, რომელიც, მეცნიერთა აზრით, გაყინულ წყალსა და ძვირფას ელემენტებს მოიცავს.

თუმცა, რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა კორპორაციამ, “როსკოსმოსმა”, 20 აგვისტოს დილით თქვა, რომ კოსმოსურ აპარატთან კონტაქტი დაკარგა.

უწყების განცხადების თანახმად, პირველადი დასკვნებით, Luna-25-მა “არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მთვარის ზედაპირს შეეჯახა”.

800 კგ-იანი აპარატი რუსეთის ამურის რეგიონში მდებარე კოსმოდრომიდან 11 აგვისტოს გაეშვა. როგორც BBC წერს, “როსკოსმოსი” აღიარებდა, რომ მისია რისკებთან იყო დაკავშირებული და შეიძლებოდა, ჩავარდნილიყო. უკვე ახლა, როცა ეს მოხდა, უწყება დასძენს, რომ წარუმატებლობის მიზეზს სპეციალური კომისია შეისწავლის.

“Luna-25-ის დაკარგვა დარტყმაა როსკოსმოსისთვის. რუსეთის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამა უკვე რამდენიმე წელია, უკუსვლას განიცდის, რადგან სახელმწიფო დაფინანსება სულ უფრო მეტად არის მიმართული სამხედრო [სფეროსკენ]”, — აღნიშნავს BBC.

სააგენტო Reuters-ის მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ კოსმოსური ხომალდის დაღუპვის ცნობა მერვე ამბად გააშუქა 20 აგვისტოს შუადღის პროგრამაში. ამ საკითხის გაშუქებას ტელეარხმა მხოლოდ 26 წამი დაუთმო.

მთვარის სამხრეთ პოლუსზე ჯერ არც ერთი ქვეყნის კუთვნილი კოსმოსური აპარატი დამჯდარა. Luna-25, რომელსაც ეს ამოცანა უნდა შეესრულებინა, რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე 1976 წლის შემდეგ. იმ წელს საბჭოთა კავშირიდან გაშვებული Luna-24 მთვარეზე წარმატებით დაეშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი