ჰავაიში, კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ამას თან სდევდა მოქალაქეთა პროტესტი ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სისტემის არჩართვის გამო.

როგორც BBC წერს, ჰერმან ანდაიამ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თუმცა წინა დღით ამართლებდა სირენების არჩართვის გადაწყვეტილებას.

საქმე ის არის, რომ მაუის კუნძულზე მუშაობს სასიგნალო სისტემა, რომელიც ცუნამის შემთხვევებისთვის დამონტაჟდა და მოიცავს 80 სირენას, ხანძრის დაწყების დღეს კი, 8 აგვისტოს, არ ჩაურთავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიისას, მაშინ, როდესაც გაითიშა ელ. ენერგია და სატელეფონო კავშირი, სირენები ბევრ ადამიანს გადაარჩენდა.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, ჰავაიზე დაღუპულია, სულ მცირე, 111 ადამიანი, 1000-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოეკიდა საცხოვრებელ სახლებს და ფაქტობრივად, გაანადგურა საცხოვრებელი უბნები.

ხანძრის დამანგრეველი შედეგი ჰავაიში. ფოტო: EPA-EFE/ETIENNE LAURENT

ოთხშაბათს ბრიფინგზე ანდაიას ჰკითხეს, ნანობდა თუ არა, რომ კუნძულზე არ ჩაირთო სასიგნალო სისტემა. რაზეც მან უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან სირენები ცუნამის შემთხვევებისთვისაა გათვალისწინებული და ხანძრისას,  შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი დაეყენებინა რისკის ქვეშ.

„საზოგადოებამ იცის, რომ იმ შემთხვევაში, თუ სირენები ირთვება, მათ ამაღლებული ზედაპირი უნდა მოძებნონ და იქ შეაფარონ თავი. ხანძრის ღამეს ეს რომ გვექნა, ადამიანები ტყისკენ წავიდოდნენ და მოხვდებოდნენ პირდაპირ ხანძარში“, – თქვა ანდაიამ ოთხშაბათს.