ახალი ამბები

პატიებას ვითხოვთ – სარჯველაძე

17 აგვისტო, 2023 • 4513
პატიებას ვითხოვთ – სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შემდეგ, შოვის სტიქიას გადარჩენილებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პატიებას ითხოვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც.

სწორედ სარჯველაძე იყო ერთ-ერთი, რომელიც „აბსოლუტურად“ იზიარებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ეჭვი შეიტანა შოვის სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მონაყოლში.

თუმცა დღეს, 17 აგვისტოს, სარჯველაძემ, პარტიის ლიდერის მსგავსად, განაცხადა, რომ არ უნდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება.

„მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს. ის, რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო.

რა თქმა უნდა, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს, არავის არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მეც მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არათუ უბრალოდ გადარჩა, არამედ პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა. რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.


14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეეჭვება, ნამდვილად გაიარეს თუ არა დავით ჯელაძემ და მისმა 6 წლის დისშვილმა ის მანძილი ღვარცოფში, რაც ჯელაძის მიერ გავრცელებუ ფოტოზეა მოცემული. მისი შეფასებით, ამ ტერიტორიაზე გადასვლა “პრაქტიკულად წარმოუდგენელია” და “ეს ყველაფერი გადასამოწმებელია”.

გარდა ამისა, მან “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა გადარჩენილების მონათხრობს, რომ “ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის ებრძოდა ღვარცოფს”.

ირაკლი კობახიძის 14 აგვისტოს ბრიფინგს მალევე მოჰყვა„ოცნების“ სხვა წევრთა მსგავსი შინაარსის განცხადებები, რასაც ასევე იმეორებდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებიც.

2 დღის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავის განცხადებას ნანობს.

მმართველი პარტიის ლიდერმა ამის შესახებ  16 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.

ჯელაძეების ოჯახი ღვარცოფის მოვარდნისას შოვში იმყოფებოდნენ. დავით ჯელაძე იხსენებს, რომ უკვე სახლში დაბრუნებისას, შოვში, მინერალურ წყლებთან გაჩერდნენ, რა დროსაც ხიდზე მყოფმა ოჯახის სხვა წევრმა ღვარცოფული მასა დაინახა და დანარჩენებს დაუძახა, ჩქარა წამოსულიყვნენ. ისინი ხიდზე ავიდნენ, თუმცა ღვარცოფმა იქამდეც მიაღწია და, როგორც დავით ჯელაძე ამბობს, “ყველა მხრიდან მეწყერში აღმოჩნდნენ”. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, 6 წლის დისშვილთან ერთად ღვარცოფული მასის მეორე მხარეს გადასულიყო, რადგან დაინახა, რომ სასტუმრო “სანსეტ შოვის” ნაწილი არ ჰქონდა დაფარული ღვარცოფს და იქ ხალხიც დადიოდა. დავით ჯელაძის მონათხრობის თანახმად, აღნიშნული ტერიტორიის გავლას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.

დავით ჯელაძის მონათხრობი ნახეთ ვრცლად:

მიწა უხმოდ მოდიოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო – რას ჰყვება დავით ჯელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი