პროკურატურის ცნობით, სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა პირს, რომელმაც ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
როგორც უწყება წერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი“, – წერს პროკურატურა.
პირს ბრალდება შემდეგი მუხლებისა მიხედვით წარედგინა: სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითა (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).





