ახალი ამბები

„2023-ის II კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 321 ათასამდე ვიზიტი განახორციელეს“ — საქსტატი

14 აგვისტო, 2023 • 1425
„2023-ის II კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 321 ათასამდე ვიზიტი განახორციელეს“ — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების (პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით) 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების (მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით) რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.4%-იანი წილით.

შესაბამისად, საქსტატის განცხადებით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366 100), რუსეთის ფედერაციის (320 800) და სომხეთის (214 600) მოქალაქეების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი