ახალი ამბები

მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

9 აგვისტო, 2023 • 1657
მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს.

უწყების განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი 50 ათასი ტონაზე მეტი იქნება:

„იმისათვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება“ ,— აცხადებენ სამინისტროში.

კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშ, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან:

„პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას. ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულნი იქნებიან, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია“ — აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი