საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის პირველივე წუთებში უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო:
„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები“ ,— განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მუხლებით იყო გამოძიება დაწყებული. მოგვიანებით ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
