ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“20 წლის განმავლობაში გალის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა” – სოხუმი

4 აგვისტო, 2023 • 2139
“20 წლის განმავლობაში გალის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა” – სოხუმი

“უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა”, –   ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის წევრმა დავით ფილიამ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას გალის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 55 ათასი ეთნიკური მეგრელი ცხოვრობს, თუმცა, გალი ახალგაზრდებისგან იცლება და ამაში აფხაზური მხარის ბრალეულობა იკვეთება:

“განსაკუთრებით ახალგაზრდები მიდიან აქედან. აი, სულ ახლახან ვიმყოფებოდით გამოსაშვებ ღონისძიებაზე გალში. ამ წელს სკოლა 230-მა მოსწავლემ დაამთავრა. ეჭვი მეპარება, რომ ერთეულები მაინც დარჩებიან აქ, რადგან მეზობელ ქვეყანას სპეციალური პროგრამა აქვს მათთვის და კომუნიკაციას ჯერ კიდევ ჩვენს სკოლებში სწავლის პერიოდში ამყარებენ ჩვენს ახალგაზრდებთან. მიზეზი ისაა, რომ რუსული ენა საქართველოს ტერიტორიაზე მოთხოვნადი ხდება. ჩვენი ბავშვები კი რუსულენოვნები არიან. შედეგად, ჩვენ მათ ვკარგავთ. რა რაოდენობის ახალგაზრდობა გავიდა აქედან 30 წლის განმავლობაში? –  სხვადასხვა მონაცემით, 30-წლამდე 15 ათასზე მეტი ადამიანი”, – აცხადებს დავით ფილია.

ის დარწმუნებულია, რომ  მომავალში გალი კოდორის ხეობის ბედს გაიზიარებს.

“კოდორის ხეობაში ხომ არავინაა ახლა. ის ადამიანებიც კი, ვინც ლოიალური იყო და აქ ცხოვრებას ისურვებდა, ჩვენ, ასე ვთქვათ, განვდევნეთ”.

როგორც ფილია ამბობს, აფხაზეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გალის რაიონი გაუცხოვდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი