ახალი ამბები

რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის 240-ე წლისთავზე განცხადებას აქვეყნებს

4 აგვისტო, 2023 •
რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის 240-ე წლისთავზე განცხადებას აქვეყნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების 240-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მოსკოვმა „ერთმორწმუნე ქართველები [..] დამპყრობლებისგან დაიცვა“.

„რუსეთისა და საქართველოს დაახლოება პასუხობდა ორივე სახელმწიფოს ინტერესებს. XV საუკუნის შუა პერიოდში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, საქართველო მოსწყდა მთელ ქრისტიანულ სამყაროს და გახდა კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლაში ირან-თურქეთის დაპირისპირების არენად. დამპყრობლები მას ძარცვავდნენ, მოსახლეობას კი იმონებდნენ. რუსული პროტექტორატის დამყარებამ დაიცვა ერთმორწმუნეები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება თავის განცხადებაში ახსენებს, რომ  შეთანხმების თანახმად, რუსეთი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის გარანტი, მაგრამ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ როცა საჭიროება გაჩნდა, მოსკოვმა  საქართველოს არ აღმოუჩინა დაპირებული დახმარება,  XIX საუკუნის დასაწყისში კი ძალისმიერად მიიერთა საქართველო.

„გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას კავკასიის მიმართულებით და დაიწყო დაყოფილი ქართული მიწების შეგროვების პროცესი“, – ამბობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს გაფორმდა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის.  შეთანხმებით მოსკოვმა აიღო ვალდებულება ქართლ-კახეთის დაცვაზე, თუმცა, როცა ამის საჭიროება გაჩნდა, 1795 წელს, გენერალ-მაიორმა ტოტლებენმა მარტო დატოვა ერეკლე II და მისი არმია აღა მაჰმად ხანის ლაშქრის წინააღმდეგ. 1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის შეერთებაზე – შეთანხმება ასეთ რამეს არ  ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, შეთანხმების მორიგი დარღვევით, 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც, ტრაქტატის მიხედვით, ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო.


გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ „ნეტგაზეთის“ არქივიდან გირჩევთ:

როგორ შეასრულა რუსეთმა 237 წლის განმავლობაში დადებული 8 ხელშეკრულება | ტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი