ოსეთში გამომავალ გაზეთ ”21 საუკუნის” რედაქტორი, თემურ ცხოვრებოვი ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, სადაც მუცლის თიაქარის ოპერაციას გაუკეთებენ. ეს და სხვა დაზიანებები მან 24 ივლისს ცხინვალში მასზე განხორციელებული თავდასხმისას მიიღო.
ცხოვრებოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტმა გოგა აფციურმა ჩაწერა. ინტერვიუში ჟურნალისტი ამბობს, რომ ათი თავდამსხმელიდან სამი ამოიცნო, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები -კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი არიან.
ცხოვრებოვი ამბობს, რომ ცემამდე ერთი დღით ადრე კაზიმირ პლიევი მას ტელეფონით დაუკავშირდა და მოკვლით ემუქრებოდა. ჟურნალისტი ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მასზე თავდასხმას ქართულ–ოსურ სამოქალაქო ფორუმში მონაწილეობასა და ცოტა ხნის წინათ ცხინვალში რესპუბლიკური პარტიის დასაფუძნებლად დაწყებულ მოძრაობას უკავშირებს.
მისი აზრით, თავდამსხმელებმა დეფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის ბრძანება შეასრულეს.