ახალი ამბები

პუტინი თურქეთში ჩავსლას დათანხმდა – ერდოღანის ადმინისტრაცია

2 აგვისტო, 2023 • 1473
პუტინი თურქეთში ჩავსლას დათანხმდა – ერდოღანის ადმინისტრაცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ პუტინი თურქეთში ჩავა.  ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, თურქეთში ვიზიტის საკითხი ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. თუმცა პუტინის ვიზიტის თარიღს ერდოღანის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა და ერდოღანმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებაც“ განიხილეს.

„ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს „არ უნდა იქნას მიღებული ზომები ესკალაციისთვის“ და ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის „მშვიდობის ხიდად“ მიიჩნევს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივის გრძელვადიანი შეწყვეტა არავისთვის არის კარგი“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, ვინაიდან სხვა მხარეები მის პირობებს არ იცავენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმებას მოსკოვი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ის პუნქტები შესრულდება, რომლებიც რუსეთს ეხება.

„მარცლეულის შეთანხმება“ გაეროსა და თურქეთის მედიაციითაა მიღწეული და გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.

შედეგად, წინა წლის 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტის პაკეტს. პირველი მემორანდუმი ეხება გაეროს ვალდებულებას, მოხსნას შეზღუდვები რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე. მეორე განსაზღვრავს შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალგორითმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი