ახალი ამბები

ხანძარი თურქეთში: 10 ქარხანა დაიწვა, არიან დაშავებულები

2 აგვისტო, 2023 • 4940
ხანძარი თურქეთში: 10 ქარხანა დაიწვა, არიან დაშავებულები

თურქეთში, ბურსას პროვინციაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 10 ქარხანა დაიწვა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ცეცხლის ლოკალიზებას 7 საათი დასჭირდა. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.

სააგენტო DHA-ს ცნობით, ხანძარი ბურსას პროვინციაში, ინეგოლის რაიონში მოქმედი ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ, პირველ აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. პროცესი დაიწყო ფაბრიკიდან, სადაც ტყის მასალებს ამუშავებენ.

სააგენტოს მიხედვით, ცეცხლის გაჩენა შედუღების სამუშაოების დროს წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს, თუმცა ქარის ზემოქმედებით ცეცხლი გაძლიერდა და კიდევ 9 ქარხანას მოედო.

ხანძარი ბურსაში. ფოტო: DHA

ხანძრის ქრობის პროცესი ბურსაში. ფოტო: DHA

DHA-ს მიხედვით, ცეცხლის ქრობის პროცესში 400-ზე მეტი ადამიანი და 115 მანქანა მონაწილეობდა. მეხანძრე ჯგუფები, ბურსას გარდა, მეზობელი პროვინციებიდანაც გამოიძახეს. პროცესში 4 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ქარხნებში, რომლებიც დაიწვა, ლითონს, ქაღალდს, მინას, ასევე, სამშენებლო მასალებს, ავეჯსა და ქსოვილებს აწარმოებდნენ. მედიის ცნობით, იმის გამო, რომ ადგილზე ქიმიური ნივთიერებებიც იყო, ხანძრის დროს, პერიოდულად, აფეთქებებიც ხდებოდა.

ხანძრის შედეგები ბურსაში. ფოტო: AA 

ხანძრის შედეგები ბურსაში. ფოტო: DHA

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება პირველ აგვისტოს, გვიან ღამით მოახერხეს, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები 2 აგვისტოსაც გაგრძელდა.

ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები. დაშავებულებს დახმარება ახლომდებარე საავადმყოფოებში აღმოუჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი