ახალი ამბები

ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

26 ივლისი, 2010 •
ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ.

მეორე აბზაცი არანაკლებ ინფორმაციულია: ”დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის კუთვნილებაა და იმ ადამიანთა ნამოღვაწარის შეფასება, ვინც ამ ტრაგიკულ სინამდვილეში ბოლომდე ასრულებდა ურთულეს მისიას. ალექსანდრე კლიმჩუკის და გიგა ჩიხლაძის ნამუშევართა გამოფენა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ისტორიას სჭირდება თანამოაზრეები”…

ჟურნალისტური საქმიანობის მესიანისტურ ჭრილში განხილვისას ირკვევა, რომ ამ პროფესიული მოვალეობის შესრულება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა. პროფესიის პატრიოტულ დისკურსში გადატანა და მისი იდეოლოგიზება კი საბჭოთა წარსულთან ან ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის მოწოდებებთან ასოცირდება, რომლის დროსაც ყველა სამსახური სამშობლოსთვის მსახურებას, სასიქადულო მამულიშვილობას ნიშნავს.

ალექსანდრე კლიმჩუკი ფრანგული Le Mond-ის, რუსული NewsWeek-ის, სააგენტოების Itar Tass, როიტერი, გაზეთების “კომსომილსკაია პრავდა”, “მოსკოვსკი კომსომოლეც” და სხვა გამოცემებისთვის მუშაობდა, იყო ფოტოსააგენტოს Caucasus Press Images ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია “ალანიას” საინფორმაციო სამსახურის რედაქტორ და ჟურნალ “ნიუსვიქის” კორესპონდენტ გიგა ჩიხლაძესთან ერთად 2008 წლის აგვისტოში იგი კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას მოკლეს.  

2008 წლიდან მოყოლებული ალექსანდრე კლიმჩუკის გამოფენები გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში და გალერეაში ”აკადემია +”. აგვისტოს შუა რიცხვებამდე თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, კლიმჩუკის მხატვრულ და დოკუმენტურ ფოტოებს, ასევე გიგა ჩიხლაძის კორესპონდენციას გაეცნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი