ახალი ამბები

NYT კონტრშეტევისას უკრაინელთა გეგმებზე წერს

27 ივლისი, 2023 •
NYT კონტრშეტევისას უკრაინელთა გეგმებზე წერს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსნის განცხადებით, უკრაინამ კონტრიერიშის მთავარი დარტყმა წამოიწყო, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, ზაპოროჟიაზე მოდის. ბრძოლაში მათ შორის მონაწილეობას იღებენ დანაყოფები, რომელთა დიდი ნაწილიც აქამდე რეზერვში იყო და დასავლური ტექნიკითაა აღჭურვილი, იტყობინება „ნიუ იორკ ტაიმსი“.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათი ძალები შეეცდებიან წინ წავიდნენ სამხრეთით, ჯერ ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით, ხოლო წარმატების შემთხვევაში – მელიტოპოლისკენ.

თავად სამხედროები, წერს „ტაიმსი“, ამბობენ, რომ იერიშის პროგრესს ხელს უშლის რუსეთის სანაღმო ველები და არტილერიული ცეცხლი.

საბოლოო მიზანი ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის სახმელეთო ხიდის გაწყვეტაა, ან იმდენად წაწევა წინ, რომ რუსეთის ოკუპირებული ტერიტორია აზოვის ზღვის გასწვრივ უკრაინული არტილერიის მოქმედების რადიუსში მოექცეს. თუ ასეთი ოპერაცია წარმატებული იქნება, მის განხორციელებას დასჭირდება ერთიდან სამ კვირამდე, უთხრეს უკრაინელებმა ამერიკელ კოლეგებს.

„ეს დიდი გამოცდაა [უკრაინისთვის]“, – უთხრა „ნიუ იორკ ტაიმსს“ ამერიკელმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.

რუქა: © Deep State // ნაჩვენებია უკრაინელთა კონტრიერიშის სასურველი შედეგები – პირველი წრით აღნიშნულია ქალაქი ტოკმაკი, მეორეთი – მელიტოპოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი