სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს  თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე და ამბობს, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, შემჭიდროებულ ვადებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მათ შორის, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები მოიპოვა და ფაქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები გამოიკითხა.

კერძოდ, უწყების ცნობით, საქმეზე დაკავების ადგილზე მყოფი, ინციდენტის შემსწრე 6 პირი გამოიკითხა, რომლებმაც მიუთითეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ:

„საქმეზე მოპოვებულ იქნა კერძო ობიექტის და დაკავების ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები. ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრავ 3 მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ და საუბრის შემდგომ ერთ-ერთი მათგანის ზედაპირულ შემოწმებას იწყებენ.

აღნიშნული მამაკაცი პოლიციელებს შემოწმების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს და მათ წინააღმდეგობას უწევს, რის შემდეგაც სამართალდამცველები მის დაკავებას იწყებენ და ავტომანქანისკენ მიჰყავთ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პოლიციელებს დაკავებულის გადაყვანასა და ავტომანქანის დაძვრაში ხელს უშლის ადგილზე მოსული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც პოლიციელებთან ფიზიკურ კონტაქტში შედის.

საგამოძიებო სამსახურის თქმით, მოქალაქეების შეჩერებიდან დაახლოებით 7-8 წუთში პოლიციის ავტომანქანა შემთხვევის ადგილს ტოვებს.  უწყების განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება:

„გამოძიების მიერ გამოიკითხა ლაშა ჟღენტის დაკავების მონაწილე და დაკავების ადგილზე მყოფი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ გოგებაშვილის ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ახალგაზრდა მამაკაცი შეაჩერეს და მათ ვინაობა ჰკითხეს. ერთ-ერთი მათგანის – ლაშა ჟღენტის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მისივე თანხმობით,  საპოლიციო ღონისძიების – ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების ჩატარება დაიწყეს.

დათვალიერების პროცესში ლაშა ჟღენტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით დაიწყეს. ლაშა ჟღენტის დაკავებისას და ავტომანქანაში ჩასმისას მისი თანმხლები პირები, ასევე, შემდგომში ადგილზე მოსული . ჟღენტის ბებია – გულნაზი ჟღენტი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

მათ შორის, გულნაზი ჟღენტი დაჯდა პოლიციის ავტომანქანის საჭესთან და არ აძლევდა მათ ადგილიდან დაკავებული პირის წაყვანის შესაძლებლობას. პოლიციელების თქმით, საბოლოოდ, გამოყენებული პროპორციული ღონისძიებების შედეგად, მოახერხეს ლაშა ჟღენტის ბადრაგირება პოლიციის სამმართველოს შენობაში. პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ დაკავებული ან/და სხვა პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვა სახის უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ლაშა და ლუკა ჟღენტებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტთან პირადად წარდგენის გზით, თუმცა ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე დაკავებულის ბებიას გულნაზი ჟღენტს, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაკავების ინციდენტში და რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. საგამოძიებო სამსახურის თქმით, მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მან გამოძიებას განუმარტა, რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა და დაკავებული ლაშა ჟღენტის წაყვანის საშუალებას არ აძლევდა. უწყების განცხადებით,  გულნაზი ჟღენტმა მიუთითა, რომ მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო:

„ზემოხსენებული მტკიცებულებები, რომელიც ამ დროისთვის არის მოპოვებული, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს“ ,— აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიების პროცესში პოტენციური მსხვერპლის ჩართულობის, მისი ინფორმირებულობის და გამოძიების გამჭვირვალობის მიზნით, ლაშა ჟღენტს და მისი ოჯახის წევრებს გამოძიების პირველივე დღეებიდან საქმის მასალებთან სრული წვდომის უფლება მიეცათ.


21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივნისს განაცხადა, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, პოლიციამ მასზე იძალადა. როგორც ლაშა ჟღენტი „მთავარ არხთან“ ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქუჩაში ძმასთან ერთად მიდიოდა და პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გააჩერა.„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამოწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამოწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავდგებოდი და ვეტყოდი, ძალით ჩამტენეთ-მეთქი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ლაშა ჟღენტმა.