ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, 2008 წელს ქართველების დანაშაულზე 300 ტომი შექმნეს

27 ივლისი, 2023 • 2188
ცხინვალის ცნობით, 2008 წელს ქართველების დანაშაულზე 300 ტომი შექმნეს

” 2008 წელს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ გენოცოდის ფაქტზე 300 ტომზე მეტია შექმნილი. გამოძიება 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა და საქმე მუდმივად ახალი ფაქტებით ივსება”, – განაცხადა  გრიგორი სობაევმა, სამხრეთ ოსეთის ახალმა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა.

“ყველა პირი ძებნილად არის გამოცხადებული [მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი]. მოქალაქეები ამ დრომდე მოგვმართვენ ახალი სამარხების აღმოჩენის გამო. იკვეთება ახალი დანაშაულები”, – ამბობს დე ფაქტო გენპროკურორი.

ცხინვალის ვერსიით, რომელიც იმეორებს მოსკოვის პოზიციას, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც “ოსი ხალხის დასაცავად დადგა”, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

7-8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.

წელს 15 წელიწადი გადის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2022 წლის 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმართა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობით. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ.

ამასთან, ცხინვალი კატეგორიულ უარს აცხადებს ჰააგის სასამართლოსთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე და მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი