ახალი ამბები

არეულობა მოხდა ათენის სადეპორტაციო ბანაკში, სადაც ქართველებიც იმყოფებიან

26 ივლისი, 2023 • 1735
არეულობა მოხდა ათენის სადეპორტაციო ბანაკში, სადაც ქართველებიც იმყოფებიან

ათენის ამიგდალეზის არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც ქართველებიც იმყოფებიან, გუშინ ღამით არეულობა დაიწყო, ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.

ინფორმაციას ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ინფორმაციის მიღებიდან საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზის ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაიყვანეს მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა — მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: +306952220000.

სადეპორტაციო ბანაკებში მყოფი ქართველები „მთავარ არხთან“ და „ტვ პირველთან“ ჰყვებიან, რომ არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სადეპორტაციო სივრცეში მყოფი მამაკაცი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და გარდაიცვალა. ამას მოჰყვა ბუნტი არალეგალთა განთავსების ბანაკში, რის შემდეგაც საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბანაკში მყოფი ქართველები საქართველოში საბერძნეთის საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი