ახალი ამბები

მოლდოვა რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომელს აძევებს

26 ივლისი, 2023 • 849
მოლდოვა რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომელს აძევებს

კიშინიოვმა გადაწყვიტა, მკვეთრად შეამციროს მოლდოვის რესპუბლიკაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების რაოდენობა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრ ნიკუ პოპესკუს განცხადებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ პირთა რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურებიან.

ნიკუ პოპესკუმ აღნიშნა, რომ მრავალი წლის ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში მოლდოვა იყო რუსეთის ფედერაციის მიერ დადგმული სხვადასხვა ტიპის აქტივობებისა და საკმაოდ მტრული პოლიტიკის სამიზნე და ამ აქტივობების ნაწილი რუსეთის საელჩოს სააგენტოს მეშვეობით განხორციელდა.

მოლდოვური საინფორმაციო სააგენტო IPN-ის ცნობით, კიშინიოვის რეაქციას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც,  კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს შენობაზე ყოველწლიურად იზრდება ანტენებისა და სამაუწყებლო მოწყობილობების რაოდენობა , ისევე როგორც იდუმალი ადამიანების რიცხვი, რომლებიც იქ მუდმივად ჩნდებიან.

მოძრაობა განსაკუთრებით აქტიური ხდება საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების წინ ან მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოური დელეგაციების ვიზიტებამდე. ასე მოხდა ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის წინ, რომელიც ჩატარდა სამთავრობო ქსელებზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ. საელჩოს სახურავზე დაფიქსირებულ მამაკაცებში ჟურნალისტებმა ამოიცნეს რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეკავშირე ოფიცრები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ჰაკერების ჯგუფებთან, რომლებმაც გატეხეს ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონისა და ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები.

პოპესკუმ ახსენა აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიებაც რუსი დიპლომატებისთვის აკრედიტაციის შემცირებაზე საუბრისას.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კიშინიოვის გადაწყვეტილებას ორმხრივი ურთიერთობების დანგრევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა და თქვა, რომ ეს „უპასუხოდ არ დარჩება“.

ზახაროვას თქმით, რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ჯაშუშურ საქმიანობაში დადანაშაულება არის უსაფუძვლო „ფანტაზია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.

მთავრობის სპიკერმა დანიელ ვოდამ განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების რაოდენობა — 10-მდე, ხოლო ტექნიკური პერსონალის რაოდენობა 15-მდე შემცირდება. მოლდოვური მედიის ცნობით, შესაბამისად, 22 დიპლომატს და ტექნიკური სამსახურის 23 თანამშრომელს მოუწევს ქვეყნის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი