ახალი ამბები

დეპუტატები ხიდაშელისთვის სანადირო მეურნეობისთვის რაჭის ტყეების გადაცემას აპროტესტებენ

26 ივლისი, 2023 • 1082
დეპუტატები ხიდაშელისთვის სანადირო მეურნეობისთვის რაჭის ტყეების გადაცემას აპროტესტებენ

ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმაურებიან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის [“ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”] სამონადირო მეურნეობის მოსაწყობად რაჭის ტყეების გადაცემას და მას ქვეყნის ღალატად აფასებენ. ამის შესახებ თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ დღეს, 26 ივლისს ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, ბრიფინგამდე ისინი იმყოფებოდნენ რაჭაში და ადგილზე შეისწავლეს საკითხი, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ბიზნესმენისთვის ტყის მასივის 49-წლიანი ლიცენზიით გადაცემისას არ ყოფილა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.

“ეს ტერიტორია გადაცემულია 49 წლის ვადით. ეს არის პროცესის დასაწყისი. შემდგომ უკვე კერძო მესაკუთრე როგორ დაარღვევს იქაური მცხოვრებლების ინტერესებს, იქაური ადამიანების, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის ფასად ინარჩუნებენ ამ ტერიტორიას, რას განავითარებს ამ მიმართულებით ის, ჯერ კიდევ უცნობია.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საგანგაშო ვითარება და ვიწყებთ ამ საკითხის შესწავლას. ვფიქრობთ, გამოიკვეთა სამი საკითხი:

  1. რუსეთის საზღვარზე მყოფი ტერიტორიების გადაცემისას არ გამოიკვეთა, რომ ხდებოდა რაიმე სახის შესწავლა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

  2. არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, მათი საკუთრების უფლებების გათვალისწინება ლიცენზიის გაცემისას და დღეს ამ ადამიანებს სახელმწიფო ებრძვის სისხლის სამართლის საქმეებით

  3. აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები და უფლებები”, — განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, დავით ხიდაშელისთვის მიწების გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით კორუფციის ეჭვს აჩენს ის, რომ ონის ყოფილი მერი, ემზარ საბანაძე მალევე დაინიშნა ხიდაშელის კომპანიის დირექტორად.

“ეს საქმე არის რუსული საქმე, როდესაც იცავ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ბიზნესმენის ინტერესებს და არა საკუთარი მოსახლეობის”, — განაცხადა სამნიძემ.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა დავით ხიდაშელს, რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს ტყუილი უწოდა:

“ტყუილებს აგორებენ. ჩაწვდით დეტალებში და დაინახავთ თქვენ თვითონ”, — განაცხადა ხიდაშელმა.

დავით ხიდაშელი “კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს მიმართა წერილით, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, 109 554 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა და ამ მიზნით 49-წლიანი ლიცენზიის მიღებას ითხოვდა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, “კაპრა კაუკასიკას” მოთხოვნის შემდეგ, არაერთ უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, 2022 წლის თებერვალში აუქციონი გამოაცხადა, სადაც მხოლოდ ერთი — ხიდაშელის კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. მან აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 11 ლარად შეიძინა.

აუქციონის შესაბამისად, ხიდაშელის კომპანიას 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. მოგვიანებით, 2022 წლის ივნისში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას მიმართა წერილით და 7 436 ჰექტარი მიწის ფართობის უკან დაბრუნება ითხოვა, სანაცვლოდ კი “კაპრა კაუკასიკას” სხვა სატყეო ფართს დაჰპირდა, რაზეც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიამ თანხმობა განაცხადა.

რაჭის ტყეებში დაცული ტერიტორიების შექმნასა და ხიდაშელის კომპანიის შესახებ ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი