ახალი ამბები

გასულ წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა

24 ივლისი, 2023 • 1381
გასულ წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა

2023 წლის მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით [RPPI], 3%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 13.1% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 28.8%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის განმარტებით, RPPI მოიცავს თბილისში უძრავი ქონების ახალ საცხოვრებელ ბაზარს, მათ შორის მრავალსართულიან სახლებსა და კერძო სახლების სეგმენტებს.

ინფოგრაფიკა: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების სეგმენტში 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები 3.4%-ით გაიზარდა, კერძო სახლების შემთხვევაში კი,1.6%-ით. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ბინების ფასები 10.6%-ით გაიზარდა, კერძო სახლების კი – 16.2%-ით.

2023 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლებში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულებით ყველაზე ძვირი ბინები და კერძო სახლები მთაწმინდის რაიონშია. კერძოდ, ბინების შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება მედიანურად 5 167 ლარია, კერძო სახლის შემთხვევაში – 3 776 ლარი. მთაწმინდას მოსდევს ვაკის რაიონი, მესამე ადგილზე კი ბინების სეგმენტში კრწანისის რაიონია, კერძო სახლების შემთხვევაში კი – საბურთალო.

ინფოგრაფიკა: საქსტატი

ბინებისა და კერძო სახლების შემთხვევაში ფასები გაიზარდა როგორც მწვანე და თეთრი კარკასების, ასევე შავი კარკასის შეძენის შემთხვევაში:

ინფოგრაფიკა: საქსტატი


საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის [RPPI] გამოსაანაგარიშებლად საქსტატი საჭირო მიკრომონაცემებს აგროვებს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. საქსტატის თანახმად, აღნიშნული მონაცემებს იღებენ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით და ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი არის ე.წ. „შეთავაზების“ ფასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი