ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ტინკოვს სანქციები 2022 წლის 24 მარტს დაუწესეს.
როგორც „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური წერს, ტინკოვი საკმაო ხანი ცდილობდა, მიეღწია მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მან რუსეთში თავისი ბანკი „ტინკოვი“ გაყიდა [როგორც თავად ამბობს, რეალური ღირებულების 3%-ის ფასში], დაგმო მოსკოვის აგრესია და გააკრიტიკა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ტინკოვი საკმაო ხანია, რუსეთში აღარ ცხოვრობს. 2019 წლიდან, ლეიკემიის დიაგნოზის შემდეგ, იგი ხშირად იყო ბრიტანეთში სამკურნალოდ. ლონდონში ცხოვრობს მისი შვილიც.
31 ოქტომბერს ტინკოვმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და განაცხადა:
„არ შემიძლია ვუყურო, როგორ, არაფრის გულისთვის, კლავენ და ძარცვავენ მშვიდობიან მოქალაქეებს ჩემი ყოფილი თანამემამულენი… იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ბიზნესმენი მიჰყვება ჩემს მაგალითს და შეწყვეტს ფაშიზმზე მუშაობას, მიაგდებს თავის ბიზნესსა და მოქალაქეობას“.
ტინკოვი 1990-იანი წლებიდან ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას რუსეთში. მას ეკუთვნოდა მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი „ტინკოვი“.