ახალი ამბები

სამხრეთ აფრიკაში პუტინის ნაცვლად ლავროვი წავა

19 ივლისი, 2023 • 632
სამხრეთ აფრიკაში პუტინის ნაცვლად ლავროვი წავა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, „ბრიქსის“ გაერთიანების სამიტზე რუსულ დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნაცვლად საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ამისდა მიუხედავად, პუტინი სამიტს ვიდეოკავშირით ჩაერთვება.

სამხრეთ აფრიკა, ვალდებული იქნებოდა დაეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელზეც ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა. ქვეყნის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას თქმით, მოსკოვმა განუცხადა, რომ პუტინის დაპატიმრება ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ პუტინის ნაცვლად დელეგაციას ლავროვი ჩაუდგება სათავეში, შეთანხმებით მიიღეს. სამხრეთ აფრიკის, ჩინეთის, რუსეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის გაერთიანების სამიტი აგვისტოში ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი არ დამუქრებია სამხრეთ აფრიკას, თუმცა პუტინის დაპატიმრების შესაძლო შედეგებზე კი გააფრთხილა.

„ყველასთვის აბსოლოტურად ნათელია, რას ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ხელყოფა. ამიტომ, არავისთვის არაფრის ახსნა არ იყო საჭირო“, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი