საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მასთან პოლონელი ექიმების ვიზიტს.

სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არ მოახდინონ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირება.

„სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა. სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე. სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა. დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, – ნათქვამია სააკაშვილის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.


ევროკავშირის მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 12 ივლისს მოინახულეს.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის “მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა.

სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ. თავად პოლონურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.