უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაფუძნდა „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც უკრაინელი დეპუტატები, მათ შორის, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია, ასევე, დისტანციურად ჩაერთნენ სტუმრები საქართველოდან. მონაწილეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამაც. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი იქნება თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები:
„დღეს კიევში დაფუძნდა „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა”. სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მეც მომეცა. მიშას და მისი პატიმრობის შესახებ უკვე ყველაფერი ნათქვამია, სალაპარაკო ახლა უფრო იმაზეა, თუ გამოსავალი რაშია. ამ მიმართულებით ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ამ ორი ქვეყნის ეფექტიანობაზე პირადად მე მაღალი წარმოდგენის ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება“, — აცხადებს ნიკა გვარამია.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი ბრალდება წაუყენა და დაუსწრებლად პატიმრობაც მიუსაჯა. ის საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, არალეგალურად ჩამოვიდა და მალევე დააპატიმრეს. დაკავებიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
თავად ექსპრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები სააკაშვილის სამკურნალო მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამის საჭიროებას უარყოფს და ექსპრეზიდენტს სიმულაციასა და თვითდაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.
