ახალი ამბები

“ლელო” სამომავლო თანამშრომლობაზე სხვა ძალებთან კონსულტაციებს აწარმოებს

18 ივლისი, 2023 • 779
“ლელო” სამომავლო თანამშრომლობაზე სხვა ძალებთან კონსულტაციებს აწარმოებს

პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ სამომავლო თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც „ლელოში“ ამბობენ, მათი მიზანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. ჯერჯერობით „ლელოში“ არ აკონკრეტებენ, ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა პარტიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას გამორიცხავენ.

„ეს კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს საზოგაოდების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ისევე, როგორც პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ არც შეგვიწყვეტია ეს კონსულტაციები, მათ შორის, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კონფიგურაციაზე და იმაზე, თუ რისი მიღწევა გვინდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“, – განუცხადა ნეტგაზეთს საბა ბუაძემ.

„ფორმულას“ ინფორმაციით, „ლელო“ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობის“ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან. თუმცა ამ ეტაპზე „ლელოში“ აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ნეტგაზეთმა სცადა ინფორმაცია გადაემოწმებინა ნიკა მელიასთანაც, თუმცა მან ჩვენს შეტყობინებას არ უპასუხა. ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ნიკა მელიას თანაგუნდელს, ბაჩო დოლიძეს. როგორც დოლიძემ განაცხადა, თანამშორმლობა ყველასთან შეიძლება, თუმცა, არა ერთიანი საარჩევნო სიით.

„მე პირადად არავისთან მოლაპარაკებები არ მაქვს. თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება, ოღონდ არა ერთიანი სიით“, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიასთან –  „საქართველოსთვის“- თანამშრომლობას, „ლელოში“ აცხადებენ, რომ სანამ გახარიასთან კითხვები აქვთ, მასთან თანამშრომლობის რესურსი არ არსებობს.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არსებობს კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ არის და ამ კითხვების დღის წესრიგიდან მოხსნის გარეშე, ცხადია, თანამშრომლობის რესურსი არ არსებობს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

თავის მხრივ გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი წინასაარჩევნოდ არავისთან ერთობას არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი