სტამბოლში დააკავეს გურამ ჩიხლაძე [მეტსახელად „კვეჟოვიჩი“]. ინტერპოლი მას რუსეთის განცხადებით ეძებდა – სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის მკვლელობის ბრალდებებით. მოსკოვში ამბობენ, რომ იგი კრიმინალურ იერარქიაში უმაღლეს საფეხურს იკავებდა.
თურქული მედიის ცნობით, ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა რუსეთსა და აზერბაიჯანში კრიმინალური დაჯგუფებების აქტივობებს, ხოლო გადაადგილდებოდა ჯავშნიანი მანქანებითა და დაცვის თანხლებით.
რუსული მედია კი წერს, რომ ჩიხლაძე თურქეთიდან 2020 წელს გააძევეს, თუმცა ქვეყანაში დაბრუნება „ანდრიი მალის“ სახელზე გაცემული უკრაინული პასპორტით მოახერხა. ამავე წყაროს თანახმად, ჩიხლაძეს 2006 წლიდან აქვს გავლენა ბურიატიის რეგიონის კრიმინალურ სამყაროზე. ბოლოსწინა სასჯელს იგი სწორედ ბურიატიაში იხდიდა.