ახალი ამბები

სააკაშვილის პოლონელი ექიმების ინციდენტზე საგარეოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ

17 ივლისი, 2023 • 860
სააკაშვილის პოლონელი ექიმების ინციდენტზე საგარეოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრი ილია დარჩიაშვილი პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრა უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტს.

უწყების თქმით, ქართულმა მხარემ შეშფოთება დააფიქსირა პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებით, რომელმაც, საგარეოს განცხადებით, სცადა კლინიკიდან პროცედურის დარღვევით გამოეტანა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯი.

„პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, ოჯახის სურვილის შემთხვევაში, კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე“ ,— ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს:

„საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი“ ,— აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის “მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი