ახალი ამბები

ურალის ქარხანაში ავარიას მუშა ემსხვერპლა, „როსატომის“ ცნობით, რადიაციის დონე ნორმაშია

14 ივლისი, 2023 •
ურალის ქარხანაში ავარიას მუშა ემსხვერპლა, „როსატომის“ ცნობით, რადიაციის დონე ნორმაშია

ურალის ელექტროქიმიური ქარხნის ერთ-ერთ სახელოსნოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ქარხანა ეწევა ურანის გამდიდრებას, რომელიც გამოიყენება ბირთვულ ენერგიაში.

რუსული მედიის ცნობით, ავარია გამოიწვია ერთი კუბური მეტრის ოდენობით ურანის ჰექსაფტორიდის შემადგენელი ცილინდრის ჰერმეტულობის დარღვევამ. შედეგად, საწარმოს 65 წლის თანამშრომელმა თავის არეში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო.

ეკატერინბურგის ონლაინ გამოცემა e1-ის ცნობით, სხვა თანამშრომლები შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი დიდი ნაწილი მალევე გაუშვეს სახლში.

ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ იური მინეევმა განაცხადა, რომ ნოვოურალსკის მაცხოვრებლებსა და პერსონალს საფრთხე არ ემუქრება ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში (სახელმწიფო კორპორაცია როსატომის ნაწილი) მომხდარი ავარიის გამო.

„სიტუაცია ლოკალური ხასიათისაა და შემოიფარგლება საწარმოო უბნის ტერიტორიით. მიმდინარეობს სანიტარული სამუშაოები. რადიაციული მდგომარეობა საწარმოში და მის ფარგლებს გარეთ ნორმალურია“, — განაცხადა მინეევმა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზები დგინდება.

„როსატომის“ ცნობით, საწარმომ გაზომა რადიაციული ფონი, მან შეადგინა 0,17 მიკროზივერტი, რაც „შეესაბამება ბუნებრივ მაჩვენებლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი